ექვთიმეს ბიოგრაფია
1863 წლის 5 იანვარს გურიის სოფელ ლიხაურში სვიმონ თაყაიშვილის ოჯახში მესამე ვაჟი დაიბადა. ვაჟის შეძენა, ისიც თავმომწონე აზნაურისათვის ,დიდად საამაყო იყოო და საგანგებო ზეიმითაცაღინიშნებოდა ხოლმე: ამაყი გურული კაცი ამ შემხთვევას თავისიანებს და სოფელს, პირველ რიგში, თოფის გასროლით აუწყებდა. მაგარმ ახალი წლის ამ საზეიმო დღეებში თაყაიშვილებთან თოფი არ გავარდნილა. ოჯახის თავკაცი, მამა და მარჩენალი სვიმონი ლოგინად იყო ჩავარდნილი და დღეებს ითვლიდა. იგი რამოდენიმე დღის შემდეგ გარდაიცვალა კიდეც და სოფელმა მაშინ გაიგო, რომ თაყაიშვილების ოჯახში ახალმა წელმა ერთდროულად მიიტანა სიხარულიც და უბედურებაც.
-„რას იზამ, მამა მიდის, შვილი მოდის, ასეთია ცხოვრება... ღმერთმა დაგვიფაროს, რომ პირიქით ხდებოდეს“ - უნუგეშებდნენ სვიმონ თაყაიშვილის ჭირისუფალს სატირალსი მისული ნათესავები,თანასოფლელები.
ახალშობილს ექვთიმე დაარქვეს. ეს ნაბოლარა ბიჭი, ბედმა მამის ალერსი, რომ არ არგუნა, დედას თითქოს მწუხარების გასანელებლად მოევლინა და განსაკუთრებით ანებივრებდა მას. პატარას თავს დასტრიალებდნენ უფროსი და, ძმები, მამიდები და მზრუნველობას არ აკლებდნენ. ერთადერთი მკაცრი შინაბერა მამიდა ტუქსავდა ექვთიმეს გადაჭარბებული ცელქობის გამო და ხმამაღლა ბიზღუნებდა: “ასე ნებაზე მიშვებული ბავშვი ნახეთ, რა ყაჩაღი გამოვაო“.
ექვთიმე დაუდეგარი ყმაწვილი ყოფილა. მთელი დღე ეზოში დარბოდა, ღობე-ყორეს ედებოდა, საქონელს დასდევდა და აწიოკებდა. ბომბორა ძაღლი - „ვარდია“ მისი განუყრელი მეგობარი იყო.გ ადაჭარბებულმა ცელქობამ უბედურებაც კი შეამთხვია: სამი წლისამ ფეხი მოიტეხა. ხეირიანი ექიმი სოფელში კი არა, მაზრაშიც არ მოიძებნებოდა. დამტვრეული ბავშვის ზედამხედველობა „მაკა მალაზონმა“ იკისრა.მოტეხილი ფეხი არტაშანში ჩაუსვეს და სოფლური მალამოთი სწამლობდნენ. ძვლის შეზრდა დროზე ვერ მოხერხდა. ბავშვმა წოლა ვერ აიტანა და არტაშნინი ფეხით სიარული დაიწყო. ტკივილები განახლდა, მონატეხი გაღიზიანდა და ძვლის დაზიანებაში გადაიზარდა. ძვლის ზრდა შეფერხდა, ფეხი დაუმოკლდა და მთელი ცხოვრების მანძილზე კოჭლი დარჩა.
ხუთი წლის ექვთიმეს ახალი უბედურება დაატყდა თავს: დედა გარდაეცვალა. მოხუცებულობაშიც კი მკაფიოდ ახსოვდა ექვთიმეს დედასთან საბოლოო განშორების ტრაგიკული წუთები. “მასთან ვიწექი ლოგინში. ღამე გამაღვიძეს და ატირებული ძალით მომაცილეს დედას. შემოდგომა თავდებოდა. ბუხარში ცეცხლი ენთო. ბუხრის წინ დამსვეს. იქვე ჩემი ძმა ვარლამი იყო. აივანზე წივილ-კივილი ატყდა და მეზობლები მოგროვდნენ. მე არ მესმოდა, რა იყო სიკვდილი. ხანდახან მეზობლის ქალები შემოვიდოდნენ ჩვენთან და გვეუბნებოდნენ „ვაი უბედურებო, დედა აღარ გყავთ,ობლად დარჩით, რა გეშველებათო!“
თმაგაშლილი და სახედახოკილი ბებია, მოზლუქუნე უფროსი და-ძმები, ეზოში გაჭედილი ნათესავები, მეზობლები, ოთახში დასვენებული მშვიდად მძინარე დედა, რომელიც, ექვთიმე რომ გამოსათხოვრად მიიყვანეს, არც განძრეულა,არც კი იღიმებოდა,ცივი და მოუკარებელი იყო. ექვთიმეს შეეშინდა და ატირდა...
ეს იყო და ეს. ამ მძიმე დღეებისა ექვთიმეს მეტი არაფერი დამახსოვრებია. მეორე დღეს ნათესავებს წაუყვანიათ და დედის გასვენებას არ დასწრებია. შემდეგ დედის ნათელი და ალერსიანი სახე თანდათან დავიწყების წყვდიადში ჩაიძირა.
ობოლი ბიჭი ბებიის, ბიძების, მამიდების გარემოცვაში იზრდებოდა: ზოგმა მათგანმა ექვთიმეს ხასიათის ჩამოყალიბებაზე გადამწყვეტი გავლენა მახდინა. თვითონ ექვთიმე ბავშვობის წლებს რომ იგონებს, საგანგებოდ ჩერდება გარებოსა და გარემომცველ ადამიანებზე.
ოჯახში ყველაზე უფროსი და გავლენიანი მაკა ბებო იყო - შარაშიზის ქალი საჯავახოდან. მოხუცებულობაშიც კი წარმოასადეგი შეხედულება ჰქონდა თურმე. ის იყო განმკარგულებელი, ყოველგვარი საქმის მოთავე, მეზობლების ჭირისა და ლხინის მოზიარე. მისი მთავარი ხელობა მკურნალობა ყოფილა.
ბუნებით მკაცრი ქალი დედურ სითბოს უმცროსი შვილიშვილისადმი ვერ მალავდა და ექვთიმეს განსაკუთრებით ანებივრებდა: “მე, ობოლს, უდედმამოს უფრო მიბრალებდა და არავისგან ისეთი მოფერება, ალერსი და მზრუნველობა არ მახსოვს,როგორც მისგან" იგონებდა შემდეგ ექვთიმე.
ექვთიმეს მეხსიერებაში ბოლომდე დარჩა კეთილი ხსოვნა მამიდებისა, რომლებიც ობოლს ხშირად დედის მაგივრობას უწევდნენ. მამიდებს კარგი ოჯახები ჰქონდათ. ხშირად მიდიოდნენ სტუმრად ლიხაურში და ობოლ ძმისშვილს ყოველთვის განსაკუთრებული სათნოებით მოიკითხავდნენ ხოლმე. რაც შეეხება მაკა მამიდას, იგი თაყაიშვილების ოჯახის ტონისმიმცემი და მთავარი დიასახლისი იყო. იცოდა დიდებილი ხელსაქმე, სტუმრის საგანგებო მიღება და სანაქებო მასპინძლობა, სამეურნეო საქმეების გამგებლობის დიდებული ნიჭიც ქონდა. დიდი გონებაგახსნილი, შეგნებული ქალი ყოფილა მაკა. თავდავიწყებამდე ყვარებია ქართული ლიტერატურა და განსაკუთრებით მისი გვირგვინი - „ვეფხისტყაოსანი“.
შვიდ წლამდე ექვთიმე თაყაიშვილების მრავალრიცხოვანი ოჯახის წრეში ტრიალებდა. მამა-ბიძებს საერთო ეზო ქონიათ და ურთიერთობაც - ყოველდღიური. გარდა ბიძებისა, მეზობლად კიდევ თაყაიშვილების რამოდენიმე ოჯახი ცხოვრობდა. ექვთიმეს ღრმადმოხუცებულობაშიც კარგად ახსოვდა თითოეული მათგანი თავიანთი ხასიათით და აღნიშნავდა კიდეც, რომ „ლიხაურის ნიადაგზე წარმოშობილი ჩემი გვარისანი,ზოგნი მაინც მრავალ მასალას იძლეოდნენ ჩემი განვითარების ზნეობრივ არეზე, ჩემი სულიერი ზრდისათვისო“. ამ მხრივ პირველ რიგში ყოველთვის იოსებ თაყაიშვილს მოიგონებდა ხოლმე, რომელიც პირდაპირ „იდეალად“ ჰყავდა გადაქცეული. დიდად პატივს სცემდა იაგორ და კოწია თაყაიშვილებსაც.
ექვთიმეს ერთადერთი და, ლიზა ძიმითში იყო გათხოვილი აზნაურ გოთუაზე. დედის გარდაცვალების შემდეგ ობლების "აპეკუნობა" (მეურვეობა) სიძმ იკისრა და როგორც ჩანს, ობლების ქონებაზე საკმაოდ ითბობდა ხელს. ყმების გათვისუფლების შმდეგ მთვრობისაგან კუთვილი ფული გოთუას მიუღია და თავად გუგუნავაზე გაუსესხებია. გუგუნავას ამ ფულის გადახდაზე არასოდეს არ უზრუნია, მაგრამ გუთუას იმის ნებას მაინც აძლევდა, რომ მისი მამული დაემუშავებინა. ობოლი ძმები კი თითქმის ხელცარიელები დარჩნენ.
შვიდი წლის ექვთიმეს სასკოლო ასაკი შუსრულდა და ოჯახში გადაწყდა, ოზურგეთის ორკლასიან სასწავლებელში მიებარებინათ. ბიძა-მამიდებმა ამ საზეიმო დღისათვის საგანგებიდ შამზადეს ექვთიმე. ახალი ახალუხი და მაუდის ჩოხა შეუკერეს, წუღბი უყიდეს. "ეს იყო ბავშვობაში პირველი და უკანასკნელი ხეირიანი ჩაცმა ჩემი: შემდეგ, ზამთრ-ზაფხულს, პარუსინის ბლუზის მეტი არა მცმია რა" _ იგონებს ექვთიმე. სასწავლებელშ წასვლამდე ფეხშიშველი დადიოდა თურმე. ასე მორთული ყმაწვილი ჩიყვანეს ოზურგეთში და ქიქოძის სამრევლო სკოლის სასწავლებელ კლასში დასვეს.
გურიის ეს ორკლასიანი სასწავლებელი 1846 წელს დაარსდა. პირველ ხანებში სასწავლებლის შესაფერისი ბინა ოზურგეთში ვერ იპოვეს და მეცადინეობა ჯუმათის მონასტერში მიმდინარეობდა. გურიის სამღვდელოებამ მხოლოდ ორი წლის შემდეგ მოახერხა ოზურგეთში ბინა დაექირავებინა.
1870 წლის სექტემბერში ექვთიმე ოზურგეთში გადმობარგდა. თაყაიშვილებს ოზურგეთში ახლო ნათსავი არავინ ჰყავდა და ბიძამ - ერდიშელმა, ექვთიმე ლიხაურელ ვაჭართან - იაგორ ურუშაძესთნ დააბინავა. ვაჭრისათვის ქირად თვეში ორი მანეთი და "ქილა" ჭადის ფქვილი უნდა ეხადათ.
სკოლაში ექვთიმე თნაკლასელებმა "იუცხოვეს", მას აღიზიანებდნენ, "ხრამოის" ეძხდნენ, ჩქმეტდნენ და აწვალებდნენ. ალბათ, ამ ვითარებას ვერც შეეგუებოდა, მფარველად რომ ყაისარ ნაკაშიძ არ გამოსჩენოდა. ეს ყაისარი მაკვანეთელი იყო, - დედიდან ექვთიმეს ბიძაშვილი, თვრამეტი წლისა და სკოლაში ბავშვებს ეშინოდათ მისი. ყაისარმა ბიჭები გააფრთხილა, ექვთიმესათვის არაფერი ეწყინებინათ. ამიერიდან ექვთიმე თავს მოსვენებულად გრძნობდა.
მაგრამ პირველ მოსამზადებელ კლასში ბედმა არ გაუღიმა, - უხეირო პედაგოგი შეხვდა. ეს იყო ვინმე აკოფოვი, რომელსაც არც ცოდნა ჰქონდა, არც მეთოდი უვარგოდა. იგი ბავშვებს მათთვის გაუგებარ ფრაზებს თუთიყუშივით აზეპირებინებდა. "ბევრი მასწავლებლის ხელში გამივლია, მაგრამ აკოფოვისთნა უნიღო და უვარგისი მათში არავინ მინახავსო", - იგონებდა ექვთიმე.
სასწავლებელში კარგი მასწავლებლებიც იყვნენ. ექვთიმეს განსაკუთღებით იოსებ თაყაიშვილი გაკვეთილები უყვარდა. ეს დიდად განათებული კაცი ბავშვებს ისტორიას და გეოგრაფიას ასწავლიდა. გაკვეთილზე ადვილად დასამახსოვრებელი ფაქტები მოჰყავდა. სახელმძღვანელო ექვთიმეს არ ჰქონია, და იხსომებდა აგრეთვე საღვთო სჯულისა და ქართული ენის მასწავლებელი. მას მართალია, დიდი განათება არ ქონია, მაგრამ კარგი მიდგომა ჰქონდა.
ვაჭარი ურუშაძე, რომელთანაც ექვთიმე ცხოვრობდა, მალე გაკოტრებულია და მთელი ოჯახი შიმშილობდა. ექვთიმეს იქ დარჩენა შუძლებელი გახდა და სიძე-მეურვემ გადაიყვანა გუგუნავების ოჯახში, რომელიც იმ წელიწადს დასახლდა ოზურგეთში.
გიორგი გუგუნავა თავადი იყო, მაგრამ, ისე როგორც ყველა თავადს გურიაიშ მცირე და მოუწესრიგებელი მეურნეობა ჰქონდა და რაც გააჩნდა, იმასაც უთავბოლოდ ფანტავდა. "გურულ მემამულეებს - შენიშნავს ცნობილი ისტორიკოსი სიმონ ავალიანი, - არც დრო ჰქონდათ, არც საშუალება იმისა, რომ ხელი მოეკიდნათ ყველაფერი იმის მოწყობისათვის, რაც აუცილებელი იყო მეურნეობის წესიერად გაძღოლისათვის".
გიორგის ოჯახში ექვთიმე კარგად მიიღეს. მახსოვრობაში დარჩ ამ ოჯახის განუწყვეტელი სტუმრიანობა, ისე რომ დასაძინებელი ადგილიც არა რჩებოდა და ჩვეულებრიც, იატაკზე ეძინა გუგუნავას მდივნის ოთახში. განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო ექვთიმესათვის გუგუნავების ოჯახში დასამახსოვრებელი სიმღერა-გალობა.
ერთ წელიწადს ცხოვრობდა ექვთიმე გუგუნავების ოჯახში და ამ ხნის განმავლობაში ბევრი რამ ნახა, გაეცნო თავადურ ყოფას. ამდენმა ქეიფ-დროსტარებამ გუგუნავა გააღარიბა. ამას თან დაერთო გაძრცვაც, რის გამოც იძულებული გახდა რუსეთში გადასახლებულიყო და ახალგაზრდა მდგმური კვლავ უბინაოდ დარჩა.
გუგუნავების შემდეგ ექვთიმე სამაზრო ფოსტის გამგის ოჯახში ჩასახლდა. გამგე რუსი იყო, ექვთიმეს ტოლი ბავშვებიც ჰყავდა. აქ ცხოვრება დიდად სასარგებლო გამოდგა ექვთიმესათის. აქ დაეუფლა რუსულ ენას. ერთი წლის შმდეგ ამ ოჯახმაც მიატოვა ოზურგეთი და ექვთიმე ახლა მელექედურში - სიძის დისწულის ოჯახში გადაიყვანეს.
ოთხის წელი სწავლობდა ექვთიმე ოზურგეთის სამაზრო სასწავლებელში. ორი მოსამზადებელი კლასი გაიარა. მეორე კლასში იყო, როცა გამოაცხადეს - ოზურგეთის სასწავლებელი საქალაქოდ უნდა გადაკეთესო. ეს კი სწავლის კიდევ ერთი წლით გახანრძლივებას ნიშნავდა. მეურვე გოთუას კი ეჩქარებოდა ექვთიმეს სწავლის დასრულება, რომ იგი სამსახურში მოეწყო და მის მზრუნველობაზე ხელი აეღო. ამიტომ, გადაწყვიტა, ექვთიმე სწავლის გასაგრძლებლად ფოთის სამაზრო სასწავლებელში გადაეყვანა.
ფოთში ექვთიმე თავის თანაკლასელ ჯაყელთან, შარაშიძსთან, ერქომაიშვილთან და ქადეიშვილთან მოთვსდა გურული მიკიტნის ბინაში. ეს იყო სამიკიტნოს ნესტიანი უკანა ოთხი. თვეში ოთხ მანეთზე მეტი არ დახარჯოო - გააფრთხილა გოთუამ ცოლისძმა. ექვთიმე, მართლაც, მომჭირნეობდა, სწავლასაც ბეჯითდ მოეკიდა და მალე არათუ დაეწია თანაკლასელებს, ყველა საგანში მაღალი შეფასება დაიმსახურა. ერთი სასწავლო წელი დაჰყო ფოთში ექვთიმემ. სასწავლებელი დაამთავრა და გაზაფხულზე ლიხაურში დაბრუნდა.
ეს იყო 1875 წელი. ამ დროს იგი 12 წლის ყმაწვილი იყო. სიძეს მიაჩნდა, რომ მოვალეობა მოიხადა და ამიერიდან ყმაწვილს თვისთავისთვის უნდა მიეხედა. ბიძებმა ურჩიეს ლიხაურში კანცელარიის გადამწერად მოგაწყობთო. მაგრამ ექვთიმეს გული სწავლისკენ მიუწევდა და ხელსაყრელ შემთხვევას ეძებდა, რომ ქუთაისის გიმნაზიაში შესულიყო.
ეს სურვილი ასე უცბად ვერ ასრულდებოდა. საამისოდ საჭირო იყო ლათინურ ენაში საგანგებო მომზადება, მაგრამ მასწავლებლის პოვნა გაჭირდა და ერთი წელი ექვთიმეს ლიხაურში დარჩენა მოუხდა.
ეს ერთი წელი მის მეხსიერებაში სამუდამოდ აღიბეჭდა. ეს იყო ყმაწვილური სილაღის წელი! მთელი ზაფხული და შემოდგომა-ზამთრი მან ნადირობაში გაატარა. ღრმა მოხუცებულობაშიც შესანიშნავად ახსოვდა ამ ნადირობის უმცირესი დეტალებიც კი და როგორი სიამოვნებით იგონებდა მათ!
ლიხაურში და მთელს გურიაში იმ დოს ძალზე გავრცელებული იყო სანადირო სპორტის ერთ-ერთი ძველი სახეობა - "ჩიტბადობა". მონადირენი ჯერ მოიტყუებდნენ ხოლმე. დიდი ხელოვნებით მიმდინარეობდა მწყერზე სანადიროდ მიმინოს დაგეშვა. ერთი კვირის შემდეგ გაწვრთნილი მიმინო ველზე გაჰყავდათ. ლიხაურის ეწერაი აგვისტო-სექტემბერში უამრავი მწყერი მოაწყდებოდა და მთელი სოფელი სანადიროდ იყო გასული. ექვთიმეს ბიძბი და ბიძაშვილები, დიდად იყვნენ დახელოვნებული სპორტის ამ სახეობაში. კონსტანტინე თაყაიშვილი მთელ გურიაში განთქმული იყო როგორც მიმინოს დამგეშავი და მონადირე. "ბიძაჩემი ძველ დროში რომ გაეჩინა ღმერთს, უსათუოდ ბაზიერთუხუცესი იქნებოდაო" - შენიშნავს ექვთიმე.
აგვისტოს შუა რიცხვებიდან - როგორც გურულები იტყოდნენ - "მარიობიდან", იწყებოდა ირაო. ეს იყო ფრინველთა გადასახლება თბილს ქვეყნებში. ლიხაური სამხრეთიდან შემაღლებული იყო. ორი ერთმანეთისაგან დაცილებული გორაკი სოფელს დაჰყურებდა. მაღალი გორაკებიდან შსანიშნავად მოჩანდა მთლი გურიის დაბლობი, შავი ზღვის სანაპიროც. ამ გორმაღალს საირაო ერქვა და ახალგაზრდები დილიდანვე მას მიაშურებდნენ ხოლმე. გორაკებს თავს დასტრიალებდა ფრინველთ ჯარი.
1873 წელს მეორე კლასში იყო ექვთიმე, როცა აჭარა-გურიაში მოგზაურობდა ცნობილი ისტორიკოსი დიმიტრი ბაქრაძე. დიმიტრიმ ლიხაურის თემიც მოიარა და დაწვრილებით აღწერა ლიხაურის, ჭანიეთის, აჭის ეკლესიები. მოგზაური თაყაიშვილების ოჯახში მიიღეს სტუმრად. აქ ჩაიწერა მან ბევრი საინტერესო ცნობა გურიის სიძველეებზე. ექვთიმე ათი წლის იყო მაშინ და ყურადღბით უსმენდა ისტორიკოს დიმიტრი ბაქრაძს, რომელმაც შემდეგ ექვთიმეს მეცნიერულ ცხოვრებაში დიდი რული ითამაშა.
No comments:
Post a Comment